საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავება დისკრიმინაციულად მიიჩნია - საია

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2020 წლის 29 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი საქმეზე ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის ადმინისტაციული წესით დაკავების 12 საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ამ პირის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში.

საიას განცხადებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე მუშაობენ. შესაბამისად, ამ დროის მიღმა პერიოდი არასამუშაო დროდაა მიჩნეული და მოქალაქის დაკავების შემთხვევაში, თუკი მისი დაკავების 12-საათიანი პერიოდი ამ შუალედს მიღმა ხვდებოდა, მისი დაკავება 48 საათი გრძელდებოდა. მაგალითად, როგორც საია წერს, თუკი ადამიანს საღამოს 6 საათზე დააკავებდნენ, მისი დაკავების 12-საათიანი პერიოდი დილის 6-ზე ანუ არასამუშაო დროს გადიოდა და პირს ორი დღე-ღამის განმავლობაში მოუწევდა იზოლატორში ყოფნა.

ხოლო, თუკი მაგალითად მოქალაქეს დილის 5 საათზე დააკავებდნენ, მისი დაკავების 12-საათიანი ვადა 17:00 საათზე სრულდებოდა, ანუ სამუშაო დროს და უკვე ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი დაკავების ვადა 12 საათს გადასცელოდა.

„ამგვარად, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები 2 დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად და შესაბამისად, დისკრიმინაციულად მიიჩნია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 48 საათით ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიყვანა შემდეგი მაგალითი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იყო განსხვავებული მოპყრობა არაგონივრული: ადამიანი რომელიც დააკავეს 2020 წლის 29 დეკემბერს 23 საათზე, სასამართლოს წარედგინება და ადმინისტრაციული დაკავებიდან თავისუფლდება მეორე დღეს, 2020 წლის 30 დეკემბრის დილის 11 საათზე, ხოლო თუკი ადამიანი დააკავეს 5 საათით ადრე ანუ 2020 წლის 29 დეკემბრის 18 საათზე, ადმინისტრაციულ დაკავებაში იმყოფება ორი დღის განმავლობაში და სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მესამე დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს საღამოს 18 საათამდე, უფრო გვიან, ვიდრე მასზე 5 საათით გვიან დაკავებული“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2021 წლის პირველ ივნისამდე, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადა იმ პირებისათვის, ვისი დაკავების 12 საათი იწურება სასამართლოს არასამუშაო დროს.