სალომე სამადაშვილმა ენმ ოფიციალურად დატოვა

პუბლიკა

სალომე სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან „პუბლიკას“ განუცხადა და აღნიშნა, რომ ის ამ საკითზე ესაუბრა პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას.

„გიდასტურებთ, მე ოფიციალურად დავტოვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მე ვესაუბრე ნიკა მელიას, შევთანხმდით, რომ მეგობრულად დაშორდება ჩვენი გზები. ჩვენ ერთად ვრჩებით საერთო ბრძოლაში, თუმცა მე არ ვიქნები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პუბლიკასთან“. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს სხვა ოპოზიურ პარტიებთან ერთად ხელი მოაწერა. როგორც ის განმარტავდა, ის ხელს არ აწერდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, არამედ ინდივიდუალურად. სამადაშვილის ეს გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

სალომე სადაშვილი აცხადებდა, რომ ენმ-ის პოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურებოდა.

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია – „მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე ვინც მოაწერს, იმათ მოღალატეს დავუძახებთ“. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“, – წერდა სალომე სამადაშვილი 20 აპრილს საკუთარ facebook გვერდზე.