სამინისტრო ზურა რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის პრემიას აწესებს

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აარსებს, – ამის შესახებ დღეს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, რომ კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს.

სამინისტროს ცნობით, პირველი ასეთი ფესტივალი წელს შემოდგომაზე ჩატარდება და კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა.

„თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფომანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. მისი მთავარი მიზანია, ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ პერფორმანსები.

„2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.