სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში - პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებზე

პუბლიკა

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიების დაწყებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს უმასპინძლებდა ყველა პარტიის წარმომადგენელს, „ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული“.

თუმცა ღონისძიების მსვლელობისას მან განახცადა, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლისგან თავი შეიკავა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდენტის სასახლეში – კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში, რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით“, – თქვა მან.

მისი თქმით, უნდა დადგეს დრო, როცა საქართველო იქნება მედიატორი თავისივე პოლიტიკური პროცესების.

„სამწუხაროა, ასევე იმიტომ, რომ მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს, მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.