სამწუხაროდ, არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ ანაკლიის კონსორციუმს – თურნავა

პუბლიკა

„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ იმ განცხადების პასუხად, რომელშიც კონსორციუმი სამუშაოს გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„კონსორციუმს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადაში, ეს ვადა კიდევ 7-ჯერ გადავუწიეთ, ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს,“ – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის, ასევე ანაკლიის პორტებს.

„როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ. ამაზე ვმუშაობთ. რაღაც პერიოდი ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისას განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინტიტუტებთან და ტენდერს აუცილებლად გავმართავთ. პოსტკორონა პერიოდში ამ მიზეზით რომ ჩვენი ლოგისტიკური მდებარეობა არის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, თუ რატომ გადმოვლენ აქ კომპანიები, ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა, ხოლო როგორც სტრატეგიული პროექტი, ჩვენთვის ეს კვლავაც მნიშვნელოვანია“ , – განაცხადა თურნავამ.