საპარლამენტო ოპოზიციამ ერთი დღით ბოიკოტი შეწყვიტა

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს უნდა დაკომპლექტდეს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო-განხილვას გაუწევს ორგანიზებას. ცნობილია, რომ კომისიაში მმართველი პარტიის 3, სხვადასხვა ფრაქციიდან კი 4 წარმომადგენელი უნდა იყოს.

კომისიის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობის მისაღებად საპარლამენტო ოპოზიციამ ერთი დღით ბოიკოტი შეწყვიტა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და ამის შემდეგ დატოვებს სხდომას. პარტია სხვა საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს, სანამ არ შესრულდება მათი ერთ-ერთი პირობა – მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური დევნა არ შეწყდება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ და არ შევაფერხებთ განხილვის მსვლელობას. ჩვენ წესიერად ვასრულებთ ამ შეთანხმების ყველა პირობას და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას” საბაბს, რომ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს, ჩიხში შეიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ეს გადააბრალოს ოპოზიციას. ამავე დროს ეს პროცესი ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ეს პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს. მხარს დავუჭერთ დღეს კომისიის შექმნას და დავტოვებთ სხდომას. ერთადერთ საკითხზე შევდივართ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მიუხედავად ბოიკოტისა, „ევროპული საქართველოც“ მიიღებს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობას.

„ზუსტად იმაზე გათვლით, რომ ხელისუფლება, ვიდრე გაიმართება უშუალოდ პირველი კენჭისყრა, მანამდე ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს შეასრულებს, კერძოდ, ეს ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტას. ბუნებრივია, ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, შემდგომ კენჭისყრებშიც მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კორონავირუსის გამო, ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სახალხო განხილვა ჩვეულ ფორმატში ვეღარ გაიმართება. საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმსჯელოს, როგორ წარიმართება რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესები ისე, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს საფრთხე არ შეექმნას.