საქართველო ევროსაბჭოს მიერ განახლებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც მოხვდა

ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან საზღვრის გახსნა უსაფრთხოა. დასახელებულ 13 ქვეყანას შორის საქართველო კვლავ იკავებს ადგილს.

„რეკომენდაციებში გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე 16 ივლისიდან წევრმა ქვეყნებმა ამ არაწევრ ქვეყნებში მცხოვრებლებს უმჯობესია თანდათანობით საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები მოუხსნან”, – წერია ევროსაბჭოს განცხადებაში.

„კრიტერიუმები იმის შესახებ, რამდენად ღირს მესამე ქვეყნებთან საზღვრის კვეთაზე შეზღუდვების მოხსნა ეფუძნება ეპიდემოლოგიურ სიტუაციას, ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებს, ფიზიკური დისტანცირების დონეს, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით”, – წერია განცხადებაში.

მთავრობის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის მიერ 8 ივლისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველო საზღვარს ხუთ ქვეყანას უპირობოდ უხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.