საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

პუბლიკა

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის განათლება და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია.

პრეზიდენტის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის ღრმა ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, რომელთა განვითარებაც ძალიან ფასეულია.

„ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო – ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს.

კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს.

ქართული მხრიდან კი, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს.