საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა, – მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა კი 227-ით მოიმატა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4 140;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 643;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 24;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 390;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხლმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ 24-ე გარდაცვლილ პაციენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 70 წლის მამაკაცს ონკოლოგიური და სხვა მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა:

„დღეს გარდაიცვალა 08:00 ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსული იყო 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალნაოპერაციები, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, გულოზური ეფიზემა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრომბოემბოლია. მისი მდგომარეობა კოვიდის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, 3-4 სექტემბერს ორჯერადი დატესტვის შემდეგ იყო უარყოფითი, 11 სექტემბერსაც უარყოფითი იყო, მაგრამ, მისი მძიმე ფონური დაავადების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.