საქართველოში სასტუმროებმა კოვიდის რისკის მართვა ისწავლეს, ამას ვაპიარებთ – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბათუმში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელებსა და  სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც სასტუმროები კოვიდთან ბრძოლის პირველივე დღიდან გამოიყენა.

„როგორ შეიძლება ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას? რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო, შემდგომ ტრანსპორტი და შემდგომ უკვე სასტუმრო. ყველა ეს ეტაპებია აუცილებელი, მინიმალური, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო ზომები და უსაფრთხოების წესები უნდა იყოს დაცული.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სასტუმრო და რაც შეეხება სასტუმროს… სასტუმროს ბიზნესის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ რაღაც მომენტში მივიღეთ მონაწილეობა და გადავწყვიტეთ, საკარანტინო ზონებად გამოვიყენოთ (ის, ვისაც ამის სურვილი ექნება). მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვებიც იყო, შეშფოთებებიც იყო და გაურკვევლობებიც, დღეს გამოდის რომ ეს არის კონკრეტული კონკურენტული უპირატესობა. ბევრმა სასტუმრომ საქართველოში ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამას ჩვენ, კარგი გაგებით, ვაპიარებთ. მსოფლიოს არცერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება არ აქვს, ასე სისტემურად, პირველი დღიდან. შემდგომ დაიწყო უკვე ზოგიერთმა ქვეყანამ ამის გამოყენება.

საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში გაატარა 25 ათასზე მეტი ადამიანი. სერიოზული ციფრია. ამიტომ ახლა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.