სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება - სამადაშვილი

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოსთან „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ შეასრულა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ჩაშალოს 8 მარტის შეთანხმება, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ პირობა უნდა შესრულდეს და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რომ ჩვენ შევძლოთ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება. რჩება შესაძლებლობის ფანჯარა და მინდა აქ მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გაათავისუფლოს. ჩვენი პოზიცია, რომ 8 მარტის შეთანხმება გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას, არის ურყევი და ჩვენ ამაზე უახლოეს მომავალში საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებს მოვისმენთ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ხელისუფლებამ გადადგა გონივრული ნაბიჯი, როცა 8 მარტის შეთანხმების შესრულება დაიწყო და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილება მიიღონ  სწრაფად, რაც ყველას ნორმალიზების გზაზე დააყენებს.

„ამისთვის გიორგი რურუას გამოშვება კრიტიკულად აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, დრო რჩება, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას და გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ არ არსებობდა მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი.

როგორც საქმის პროკურორმა სხდომის დაწყების წინ განაცხადა, არ არსებობს ახალი გარემოება იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალოს.