სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია.
ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედავებოდა დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
სასამართლომ ასევე დაადგინა არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირთა ქონება, რომლებიც გაიყიდება, თუ გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინი არ აღმოაჩნდება.
„დააკისრა 9000-მდე ბიტკოინის გახადა. თუმცა, მოგეხსენებათ, ბიტკოინის ფასი არის ცვალებადი. გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისთვის რა ფასიც ექნება, იმ ფასით განისაზღვრება მისი ღირებულება, თუ აღმოჩნდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ეს ბიტკოინები არ გააჩნია”. – თქვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ.
გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადვოკატებს 7-დღიანი ვადა აქვთ.
გარდა ამისა, 10 მარტს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მან „ქართუსგან” აიღო 5-მილიონიანი სესხი ინვესტიციისთვის, რომელიც დააბრუნა მოგების 30%-თან ერთად, რის შემდეგაც „ქართუსთან” ურთიერთობა დაიხურა.
ბაჩიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა, როცა მან ივანიშვილის პრორუსული ნაბიჯები საჯაროდ გააკრიტიკა.
საქართველოს დატოვების შემდეგ ბაჩიაშვილის მიმართ კიდევ 2 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება:
ერთ-ერთ ბრალდება ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად. უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
მესამე სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთას ეხება.