ავტორი: ნეიტ ოსტილერი
სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ მილიარდერ და ოპოზიციონერ პოლიტიკოს გაგიკ წარუკიანის კუთვნილი „არარატ ცემენტის“ ქარხნის სახელმწიფო მართვაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო პროკურატურა წარუკიანისთვის კუთვნილი სხვა ქონების, აქტივებისა და ფულადი სახსრების ჩამორთმევას მოითხოვს. მანამდე გაგიკ წარუკიანი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, ხოლო მის რამდენიმე ბიზნესსა და საკუთრებაში, მათ შორის ცემენტის ქარხანაში ჩხრეკა ჩატარდა.
ივლისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „არარატ ცემენტი“ ძალიან მალე გახდება სახელმწიფო საკუთრება და მენეჯერი დადგენილი წესის შესაბამისად დაინიშნება“. მაშინ მას ვადა არ დაუკონკრეტებია.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფაშინიანმა წარუკიანის ქარხნის ნაციონალიზაციაზე ილაპარაკა – 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე მან საწარმო წარუკიანის ბიზნესიმპერიის „ხერხემლად“ აღწერა და განაცხადა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მისი პრივატიზება დარღვევებით მოხდა.
ანტიკორუფციული სასამართლოს 16 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის მიერ სამი დღით ადრე შეტანილი შუამდგომლობა ქარხნის ჩამორთმევის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ის უკანონოდ იყო შეძენილი.
პროკურატურა ასევე მოითხოვს წარუკიანის კუთვნილი 75 უძრავი ქონების ობიექტის, 42 ავტომობილის, 38 იურიდიულ პირში წილის და თითქმის 106 მილიარდი დრამის (დაახლოებით 289 მილიონი დოლარის) ფულადი სახსრების ჩამორთმევას.

გაგიკ წარუკიანი ტავიშის რეგიონში საარჩევნო კამპანიის დროს. ფოტო სოციალური მედიიდან.
წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხეთის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში – 9 ივნისს დაიწყო.
მაშინ პარტია „აყვავებული სომხეთი“ ჯერ კიდევ ელოდებოდა ხმების გადათვლის შედეგებს, რომელიც განსაზღვრავდა, შეძლებდა თუ არა ის საპარლამენტო მანდატების მიღებას. მოგვიანებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გადალახა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 4%-იანი საარჩევნო ბარიერი.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გაგიკ წარუკიანი გამოძიების დაწყებამდე ქვეყნის დატოვებას ცდილობდა ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს.
წარუკიანი სომხეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან ბიზნესკარიერა 1990-იან წლებში სურსათის გადამამუშავებელ სფეროში დაიწყო და სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთში სხვადასხვა ინდუსტრიაში დააგროვა წილები, მათ შორის ალკოჰოლისა და საკვების წარმოებაში, კაზინოების, სასტუმროების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ფარმაცევტიკისა და, ბოლო პერიოდში, ბიტკოინის მაინინგის სფეროებში.
ამ ექსცენტრიულ ბიზნესმენს წარსულშიც წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულებრივი ბრალდებები. 2020 წელს ხელისუფლებამ ის 2017 წლის არჩევნებში სავარაუდო ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა. ასევე მიმდინარეობდა გამოძიება იმის თაობაზე, რომ ის ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა მისი კაზინო „შანგრი ლა“. სომხეთმა „შანგრი ლას“ ლიცენზია ივნისის ბოლოს გაუუქმა.
გარდა ამისა, წარუკიანს 1979 წელს ორი ქალის გაუპატიურებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, უცნობია, მოიხადა თუ არა მან საბჭოთა პერიოდის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი.
2001 წელს, რობერტ ქოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდში, სომხეთის საკასაციო სასამართლომ ეს განაჩენი გააუქმა და გაგიკ წარუკიანს ნასამართლეობა მოუხსნა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.