ფაშინიანის თქმით, მალე წარუკიანის ცემენტის ქარხნა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ოლიგარქისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გაგიკ ცარუკიანის საკუთრებაში არსებული ცემენტის ქარხანა „არარატ ცემენტი“ მალე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. ეს განცხადება ფაშინიანმა 9 ივლისს გააკეთა. ეს ნაბიჯი მორიგი დარტყმა იქნება გაგიკ წარუკიანისთვის, რომელიც 6 ივლისს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

„არარატ ცემენტი“ ძალიან მალე გახდება სახელმწიფო საკუთრება და დადგენილი წესის შესაბამისად მას მენეჯერი დაენიშნება“, – განაცხადა ფაშინიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება ნაციონალიზაციის პროცესი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფაშინიანი ქარხნის ნაციონალიზაციაზე საუბრობს. 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე მან „არარატ ცემენტს“ ცარუკიანის ბიზნესიმპერიის „ხერხემალი“ უწოდა და განაცხადა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მისი პრივატიზაცია დარღვევებით მოხდა.

წარუკიანის დაკავების დღესვე სომხეთის ხელისუფლებამ ქარხანაში ჩხრეკა ჩაატარა და დალუქა. ქარხანაში დაახლოებით 1 000 ადამიანი მუშაობს. ქარხნის დალუქვა ბევრმა მათგანმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ სამუშაოს შეჩერება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

თავის მხრივ, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლების მიერ გაცემულ „ბრძანებას“ არღვევდნენ და მათი სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაიმუქრა.

9 ივლისს ქარხანაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ედგარ ზაქარიანი მივიდა მაშინ, როცა პოლიციასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ზაქარიანმა განაცხადა, რომ „ქარხანა მუშაობას განაახლებს“.

„იმედია, მცირე ტექნიკური დაბრკოლებები რამდენიმე საათში გადაიჭრება და ხვალ ქარხანა სრულად ამოქმედდება“, – დასძინა მან.

ბოლო პერიოდში გაგიკ წარუკიანის ბიზნესიმპერიის სხვა მნიშვნელოვანი აქტივებიც აღმოჩნდა საფრთხის წინაშე – ივნისში მის კაზინო Shangri La-ს ოპერირების ლიცენზია გაუუქმდა.

მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული შემოწმების შედეგად სათამაშო აპარატების მრიცხველებში ფინანსური შეუსაბამობები გამოვლინდა.

გაგიკ წარუკიანი/ფოტო: სოციალური მედია

დაკავებები გრძელდება

9 ივლისსვე სხვა საქმეზე დააკავეს წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთის“ საარჩევნო სიის წევრი, დეპუტატობის კანდიდატი არეგნაზ მანუკიანი. მას ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ედება. საქმე სავარაუდოდ უკავშირდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ასევე წარუკიანის პარტიული სიის წევრის, ანდრანიკ თევანიანის წინააღმდეგ უკვე მიმდინარე სახელმწიფო ღალატის საქმეს.

ივნისში ჩატარებულ არჩევნებში „აყვავებულ სომხეთს“ ძალიან ცოტა დააკლდა საარჩევნო ბარიერის გადასალახად და პარლამენტში მოსახვედრად.

უცნობია, უკავშირდება თუ არა მანუკიანის დაკავება წარუკიანის საქმეს. მისი ადვოკატის, ერემ სარგსიანის თქმით, წარუკიანს თაღლითობის ხელშეწყობასა და ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობას ედავებიან. სარგსიანმა ასევე განაცხადა, რომ წარუკიანი იმ საქმის ფარგლებში დააკავეს, რომელშიც, მისი თქმით, „დაზარალებულად უნდა ყოფილიყო ცნობილი“.

8 ივლისს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ წარუკიანის საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

სარგსიანის განმარტებით, საქმე ეხება სომხეთ-ირანის ერთობლივი პალატის შექმნას, რომლის მიზანიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება იყო. მისი თქმით, ამ პალატას სახელმწიფოსგან ყველა საჭირო ნებართვა ჰქონდა მიღებული და „მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც განხორციელდა“. თუმცა, მისი განცხადებით, ირანის რამდენიმე მოქალაქემ „ბოროტად ისარგებლა მდგომარეობით“, რის გამოც წარუკიანმა მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„იმის ნაცვლად, რომ მის მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაცია დაზარალებულად ეცნოთ, გადაწყვიტეს, რომ ბრალდებული გაგიკ წარუკიანი ყოფილიყო“, – განაცხადა სარგსიანმა და დასძინა, რომ, მისი აზრით, წარუკიანის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.