სასწრაფოს გამოძახებაზე მოლოდინის დრო 20 წუთამდეა შემცირებული – ტიკარაძე

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები, შესაძლებლობიდან გამომდინარე, უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.

„2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია მილიონ 200 ათას მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო – როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ, როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება.

დღეს მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო. შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო ერთი საათი და 24 წუთი, ეს დრო 20 წუთამდე არის შემცირებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველსაყოფად მომავალ წელს მილიონ-ნახევარი ლარია განსაზღვრული.