საყდრისის უძველეს მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები აფეთქების შემდეგ მუზეუმში გამოფინეს

ქრისტინე მუჯირი

„ჩვენს ინსტიტუციას კიდევ ერთი ახალი მუზეუმი შეემატა. 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, პირველად გაგაცნობთ ბოლნისის ახალ მუზეუმს“, – ამის შესახებ ეროვნული მუზეუმი  Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს და ბოლნისის ახალი მუზეუმის ფოტოებს ავრცელებს.

როგორც „პუბლიკას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, ბოლნისის მუზეუმში წარმოდგენილია უძველესი მეტალურგიის ამსახველი არტეფაქტები, მათ შორის, საყდრისიდან.

აღსანიშნავია, რომ  პროექტი დაფინანსებულია კომპანია „RMG გოლდის“ მიერ, რომელმაც 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.

  • bolnisi 3
  • bolnisi 4
  • bolnisi 2
  • bolnisi1
  • bolnisi 5
  • bolnisi 6
  • 01 /

„მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს, მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა – ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია“, – წერია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი 2015 წელს გამოაცხადა. მათი თქმით, ახალი მუზეუმი  საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნებოდა.

RMG ამიერკავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული.

2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე წინ უძღვოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, „რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიიღეს“, – ამის შესახებ 2015 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა.

ამ გადაწყვეტილებების შედეგად საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლება მიენიჭა. საყდრისის აფეთქებას ეწინააღმდეგებოდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, აქტივისტები, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოსდამცველები.

2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რადიო თავისუფლების” ერთობლივ გადაცემა „ინტერVIEW-ში“ ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საყდრისის მაღარო უნდა აფეთქებულიყო. მისი თქმით, ყველა არტეფაქტი ამოღებული იყო და ბოლნისში საუკეთესო მუზეუმი განთავსდება.

„რასაც ისტორიული ფასი ჰქონდა, იმ ადგილში რომ მუზეუმი ვერ აშენდებოდა და სახიფათო იყო და ვერავინ ჩავიდოდა, ესეც განხილული იყო. ყველა არტეფაქტი ამოღებულია. ყველა ფოტო გადაღებულია.

მუზეუმის დაფინანსება მიდის და კულტურის სამინისტროც ჩართულია. თვითონ ის ინვესტორებიც, რომლებიც ამ პროექტში ჩართული არიან და მეპატრონეებად წარმოგვიდგებიან, იმაზე მეტი ფინანსები გამოყვეს, რაც საჭიროა. საქართველოს საუკეთესო მუზეუმი ექნება და თანაც ისეთ ადგილას აშენდება, სადაც ხალხს შეეძლება მისვლა და იმის ნახვა, რასაც ჩვენს სიძველეებთან კავშირი ჰქონდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“.

ამავე თემაზე:

► საყდრისის აფეთქებიდან 5 წელი გავიდა – კიდევ ერთხელ მის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე