„საზმაუ" შეკრებს ყველა შეკითხვას - თალაკვაძე საყოველთაო-სახალხო განხილვაზე

პუბლიკა

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე დაიგეგმა და პირველი განხილვა 4 ივნისს გაიმართება.

„ახლახანს ჩვენ ჩავატარეთ საკონსტიტუციო კომისიის სხდომა, სადაც ჩვენ უკვე დავგეგმეთ, რომ პირველი საყოველთაო-საჯარო განხილვა საკონსტიტუციო ცვლილების და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილების გაიმართება 4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, სადაც ჩვენ უმრავლესობას და ოპოზიციას ექნება საშუალება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები, საკუთარი არგუმენტები და უპასუხოს კითხვებს, რომელიც საზოგადოებას ექნება. წინასწარ, რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებელი შეკრებს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მოქალაქეებს აქვთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, პირველი საჯარო განხილვის შემდეგ ერთ კვირაში, გაიმართება მეორე საყოველთაო-სახალხო განხილვაც, რომელსაც მაღალი ალბათობით აჭარის მაუწყებელი უმასპინძლებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ანალოგიური პრინციპით, ამ შემთხვევაშიც წინასწარ შეიკრიბება მოქალაქეების შეკითხვები და უმრავლესობა და ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, პირდაპირ ეთერში განიხილავს ამ ცვლილებებს.

„ამის შემდეგ, საორიენტაციოდ, ივნისის მეორე ნახევარში, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ პარლამენტში პირველი მოსმენით განვიხილოთ ეს ცვლილებები და გამოვიტანოთ ეს კენჭისყრაზე. ამის გათვალისწინებით, მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე, ვთხოვო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში, გთხოვთ მაქსიმალურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც საჯარო განხილვებში, ასევე საკომიტეტო განხილვებში და პლენალური სხდომის ფორმატში, რათა საბოლოო ჯამში რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით, მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

„ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენი პირობა რა თქმა უნდა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული თავისუფალი და გამჭირვალე საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს  საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველოს აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.