სენატორ გრემის აზრით, აშშ-მა ჯანმო ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში აღარ უნდა დააფინანსოს

სენატორმა გრემმა Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში აღარ უნდა აფინანსებდეს. იმავე ეთერში სენატორმა კორონავირუსის პანდემიისთვის პასუხისმგებლობა ჩინეთს დააკისრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კომუნისტურ ქვეყანას” ხელს აფარებს.

„ასიგნებების შესახებ მომდევნო კანონპროექტში ჯანმოსთვის ფინანსები აღარ იქნება გამოყოფილი. ასიგნებების ქვეკომიტეტს მე ვხელმძღვანელობ. მე აღარ ვაპირებ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში ჯანმოს დაფინანსების მხარდაჭერას. მათი საქმიანობა არც თუ კეთილსინდისიერია. ისინი ჩინეთის აპოლოგეტები არიან”, – განაცხადა სენატორმა.

გრემმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ფულადი მხარდაჭერის შეწყვეტა ამერიკელების ინტერესებში შედის. მისი თქმით, ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მწარედ ჩაფლავდა, ისევე, როგორც 2015 წელს.

გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩინეთის მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

„ჯანმო ნამდვილად ჩაფლავდა. რაღაც მიზეზით, ძირითადად, აშშ-ის მიერ დაფინანსებული მაინც ჩინეთის მიმართაა მიკერძოებული. ამას უფრო ახლოდან დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე არ გავითვალისწინე მათი რჩევა, ადრეულ ეტაპზე ჩინეთთან საზღვრების ღიად დატოვების შესახებ. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?”, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

იმავე ინტერვიუში სენატორმა გრემმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და მსოფლიო პანდემიაზე პასუხისმგებლობაც დააკისრა.

„ჩინეთის უპასუხისმგებლობა რომ არა, როდესაც ისინი იტყუებიან ვირუსის გადადების შესახებ, როდესაც ინფექციის გავრცელების შესახებ ცნობებს მალავენ, როდესაც ექიმებს აჩუმებენ, ჩვენ პანდემია არ გვექნებოდა”, – განაცხადა სენატორმა.