„სერიოზული სიგნალი ივანიშვილისთვის" - ოპოზიციის რეაქცია კონგრესმენების ანგარიშზე

13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ ანგარიშში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც „პუტინის ახლო მოკავშირის” წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას ეხება, ოპოზიციის ლიდერები აფასებენ.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული საზოგადოება, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები დიდი ხანია ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში.

„ქართული საზოგადოებაც ხედავს, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და აქედან გამომდინარე, ამ დიდ ბრძოლაში თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთსა და სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის, ქართულმა საზოაგადოებამ ეს დიდი ხანია იცის, ოღონდ ახლა ამას მკაფიოდ ხედავენ მეგობრებიც და, ბუნებრივია, ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ, ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, კონგრესმენების ანგარიში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და პარტია „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აყენებს პუტინის მოკავშირეების რიცხვში.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლის გარდაუვალობაზე და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება კანონპროექტებში აისახოს, მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მთავარმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სამწუხაროა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განწყობების ნეგატიური შემოტრიალება და ეს განწყობების ცვლილება მრავალმა ასპექტმა განაპირობა.

„პირველი განსმაზღვრელი იყო არადემოკრატიული ნაბიჯები. ბუნებრივია, ამით ვაძლიერებთ ჩვენი ჩრდილოვანი მეზობლის გავლენების შესაძლებლობას და საფრთხეებს. მეორე – ეს იყო მართლმსაჯულების რეფორმა, რამაც აბსოლუტური იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორში. მესამე – ეს იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძალიან დიდი პროექტი, რომლის ჩაშლაც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებთან”, – განაცხადა ბესელიამ.

„ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ამერიკელი პარტნიორების განცხადებით „ქართული ოცნების” ლუსტრაცია მოხდა.

„საქართველოს დღეს მართავს რუსული ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური არჩევანი შეიცვალოს და რუსეთისკენ წავიდეს. ეს განცხადება პირველ რიგში ეკუთვნის მთელ დასავლურ სამყაროს, რომ მათ საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, მაგრამ მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს განცხადება ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს”, – აცხადებს ვაშაძე.

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრის გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების” ნაბიჯები საქართველოს საერთაშორისო იზოლაციამდე მიიყვანს.

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არნახულად აზარალა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და იგი მიზანმიმართულად წაიყვანა საერთაშორისო იზოლაციისკენ, რაც გამოიწვევს როგორც ინვესტიციების შემდგომ კლებას, აგრეთვე ქართული საკითხის საბოლოო გაქრობას საერთაშორისო დღის წესრიგიდან.”, – განაცხადა გეგელიამ.

პარტია „ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სანქციების დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში, პირველი სწორედ „ქართული ოცნების” წევრები მიატოვებენ ბიძინა ივანიშვილს.

„ეს არის კატასტროფა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისათვის და ბიძინა ივანიშვილს. პრაქტიკულად, გამოსავალი არ რჩება ამ ვერდიქტის შემდეგ, ან ის უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების გზით წავიდეს ხელისუფლებიდან და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” განწირულია კატასტროფული წაგებისთვის, ან უნდა შეეგუოს, რომ როგორც კი მას სანქციებს დაუწესებენ, თავად “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გაუსწრებენ ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დატოვებს ბიძინა ივანიშვილს”, – აცხადებს ბურჯანაძე.

„ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებით, სამართლიანია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ივანიშვილის პუტინის მოკავშირედ მოაზრება.

„ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის შეერთებული სტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც 13 ხელმომწერი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.