შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დღეს საღამოს დამიდასტურდა ომიკრონი. პროცესი მიდის უაღრესად მსუბუქად. სრული დატვირთვით ვმუშაობ, რამდენიმედღიანი კარანტინის რეჟიმით. არადა, ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ამას. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას, ხოლო შემდეგ ჩემი დაბადების დღეც დგებოდა. არაა პრობლემა. ცხოვრება გრძელდება და მოკლე ხანში ისევ გამოგეცხადებით“, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოთხი დეპუტატის, მათ შორის, შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას. მიმდინარე სასესიო კვირაში კი პარლამენტში კენჭი ეყრება ოთხივე დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ნათელაშვილმა 10 თებერვალს დააანონსა, რომ ის პარლამენტში შევიდოდა და დეპუტატის რანგში, მანდატის მოხსნამდე, შეძლებდა სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლას.