შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა - HRC

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, იმ რეგიონებში, სადაც ორგანიზაციამ მონიტორინგი განაახორციელა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლია მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ორგანიზაციის შეფასებით, წინა სხვა არჩევნების მსგავსად, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი – მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

ამ დროისთვის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 31 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 18 საჩივარი (აქედან 4 საოლქო საარჩევნო კომისიაში) და 68 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ეს სტატისტიკა საბოლოოდ კიდევ დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას დამკვირვებლებისგან სრული სახით ექნებათ შემაჯამებელი ინფორმაცია საჩივრებისა და ჩანაწერთა წიგნში შეტანილი შენიშვნების თაობაზე.