შესაძლოა, ხვალ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს კენჭი აღარ უყაროს

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა ხვალ დააყენოს საკითხი, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭი აღარ ეყაროს.

მიზეზი უმრავლესობის წევრების იზოლაციაში ყოფნაა. მდინარაძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე უმრავლესობა პირველ ჯერზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობის მობილიზებას ვერ შეძლებს, ამიტომ ხვალ კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, დააყენებენ ისეთ საკითხებს, რომელსაც კენჭსაყრელად პარლამენტის წევრთა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

„თუ პირველ შემთხვევაში 100 ხმა ვერ მოაგროვა კანდიდატმა და ამის მოლოდინი ნამდვილად არ არსებობს, მეორე შემთხვევაში სჭირდება პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. მინიმუმ 10-მდე ადამიანი გვყავს უმრავლესობაში, რომელსაც აქვთ ახლო კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, ან თავად არიან. ჩვენ გაგვიჭირდება ხმების ამ რაოდენობის მოგროვება და ალბათ თუ იქნება კენჭსაყრელი საკითხები, იქნება ისეთ თემებზე, რომელსაც არ სჭირდება ნახევარზე მეტის მხარდაჭერა და სხვა საკითხებს დავაყენებთ, შეიძლება, ამას კენჭი ვერ ვუყაროთ.

რომ არ ყოფილიყო კოვიდინფიცირება გარკვეული წევრების, ხვალვე ჩავატარებდით ამ კენჭისყრას. ხვალ დავაყენებ მე პირადად საკითხს, თუ ოპოზიციის რომელიმე ჯგუფმა ღიად არ გამოხატა, რომ მხარს უჭერს რომელიმე კანდიდატს, ამ შემთხვევაში კენჭისყრის ჩატარებას აზრი ეკარგება, გადაიდოს კენჭისყრა“, – განაცხადა მდინარაძემ.