შეთანხმების დოკუმენტის შეცვლა მხოლოდ მედიატორს შეუძლია - ჯაფარიძე მელიას განცხადებაზე

პუბლიკა

ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელშიც ის პოლიტიკურ მხარეებს მოუწოდებს, გაიწვიონ ამნისტიის კანონპროექტი დღის წესრიგიდან, რა შემთხვევაშიც დათანხმდება ევროკავშირის გირაოს, განცხადებები გააკეთეს შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციონერებმა.

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, თუ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული იქნება ნიკა მელიას სურვილი, ოპოზიცია მხარს დაუჭერს ამას, თუმცა, მისივე თქმით, დოკუმენტი მოდიფიცირებული უნდა იქნეს მედიატორის მიერ.

„ჩვენ ვმოქმედებთ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით. თუ ამ დოკუმენტში იქნება ცვლილება შეტანილი, მე არ მინდა მეორე მხარეს მივცეთ საშუალება, თქვან, რომ ვარღვევთ შეთანხმებას.  უნდა იქნეს მოდიფიცირებული შეთანხმება ნიკა მელიას თხოვნის შესაბამისად და შესაბამისად დავუჭერთ მხარს ნიკას თხოვნას.

ალბათ ეს თხოვნა მედიატორამდე მივა, დოკუმენტში უნდა იყოს ცვლილება შეტანილი, რომ ჩვენ არ დაგვდონ ბრალი, რომ ვარღვევთ შეთანხმებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

როგორც მელია წერს, არავინ არ ღირს იმად, რომ „ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.“

„კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, – წერს მელია.