„შეთანხმების პირველი და ნათელი შედეგი“ | სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს და დღეს პარლამენტში მივიდნენ ამბობენ, რომ ეს არის შეთანხმების პირველი შედეგი.

ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა სპეციალური ბრიფინგზე ისაუბრეს. პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ამბობს, გიორგი რურუას შემდეგ ოპოზიცია აგრძელებს მუშაობას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.

„ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმებისა, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების განმავლობაში ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც მივიღეთ ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ისინი ნახავენ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ ვითხოვთ უკვე წელიწადნახევარია, მართლაც იქნება გათავისუფლებული. ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმიან, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა.

ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია, ასევე, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლისთვის ამ ქვეყანაში, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ეს არის შეთანხმება რომლის განხორციელებაც ჩვენ დავიწყეთ დღეს აქ პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. როგორც ის ამბობს, ამით შეასრულა პირობა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – ამბობს პრეზიდენტი.