შეუძლებელია დავბრუნდე რომელიმე მინისტრის პოსტზე - მერაბიშვილი

ვასკა მათითაიშვილი

„მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ეს არის უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში, მე არ მომინდება პრემიერ-მინისტრობა და რადგან მე უკვე ვიყავი პრემიერი, შეუძლებელია, მე დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე.“, – განაცხადა მერაბიშვილმა „ღამის მთავარში“.

„მე მინდა გითხრათ, ჩვენ ძალიან მცდარი წარმოდგენა გვაქვს საზოგადოებას, რომ მინისტრობა და ადმინისტრაციული თანამდებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები. თანამედროვე ევროპულ ცივილიზებულ სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკოსები. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ მარტო მთავრობა არ აკეთებს საქმეს. მე ვიქნები პოლიტიკურად აქტიური, ვიმუშავებ… სამთავრობო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ა.შ. იმდენი საქმეა გასაკეთებელი, რომ მერწმუნეთ ჩემთვის გასაკეთებელი საქმე მოიძებნება“.
__________________

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. კონკრეტულ გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.

„წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.