შეწყვიტეთ შეუთანხმებელ რეისებზე ბილეთების გაყიდვა - თურნავა „აირზენას"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ავიაბილეთების შეძენისას იხელმძღვანელონ მხოლოდ იმ რეისების ჩამონათვალით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდებზეა განთავსებული.

„მინდა გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, შეიძინონ ბილეთები მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებულ რეისებზე. ამ რეისების ჩამონათვალი არის გამოქვეყნებული, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე. ეს არის ჩარტერული ფრენები, რომლებიც სრულდება ყველა ეპიდემოლოგიური წესის დაცვით. ავიაკომპანია აირზენა ასრულებს და ეს არის 11-ზე მეტი რეისი კონკრეტული გრაფიკით”, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ავიაკომპანია „აირზენა” მთავრობასთან შეუთანხმებელ რეისებზეც ყიდის ბილეთებს, რაც, მისი თქმით, არასოწრია.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ აირზენა ყიდის ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთს ისე, რომ ჩვენთან არ არის შეთანხმებული და ჩვენს საიტზე მოყვანილ რეისებში არ ფიგურირებს ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, იმიტომ, რომ ადამიანები შემდგომ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვარდებიან, როდესაც ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

მოვუწოდებთ ავიაკომპანია „აირზენას” შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები, ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ მხოლოდ იმ ჩამონათვალით, რომელიც ჩვენს საიტზე არის განთავსებული”, – განაცხადა თურნავამ.