შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს – გახარია

პუბლიკა

„ის წარმატება, რომელიც პირველი ტალღისას, პირველ ეტაპზე გვქონდა, რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ, საჭიროა, სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად – მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

„ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ.  როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი.

ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ. ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანი მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 416 აჭარაში გამოვლინდა. დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა 2 ადამიანი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 375-ით გაიზარდა.