შრომის რეფორმის კანონპროექტს კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პუბლიკა

შრომის რეფორმის კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. პროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გავა.

„ჩვენ ფუნდამენტურად ვცვლით შრომის კანონმდებლობას, შრომის უფლებები უფრო მაღალ ხარისხში ადის. გვექნება ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმი შრომის უფლებების დაცვისთვის, რაც ჩვენი ყველას დამსახურებაა. მადლობას ვუხდი კოლეგებს, ვინც პლენარულ სხდომაზეც მხარი დაუჭირეს პროექტს”, – განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულებისას.

როგორც „პუბლიკასთან” ცქიტიშვილი განმარტავს, მესამე მოსმენისთვის დაზუსტდა ცალკეული ნორმების ამოქმედების თარიღები. მისი თქმით, შრომის კოდექსის ძირითადი ნაწილი კანონის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში, ხოლო ისეთი საკითხები, რომელიც ცალკე დოკუმენტის მომზადებას საჭიროებს, 1 აპრილიდან ამოქმედდება.

„მაგალითად სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, ღამით მუშაობასთან დაკავშირებული რეგლამენტები, სამედიცინო გამოკვლევების სტანდარტები, ის, რაც შესათანხმებელია სამმხრივ კომისიასთან, პირველი აპრილი ავიღეთ ვადად. ყველაფერი დანარჩენი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. ასევე, შრომის ინსპექცია სრულად იწყებს ამოქმედებას პირველი იანვრიდან. ინსპექციის კანონი სრულად შედის ძალაში გამოქვეყნებისთანავე, მაგრამ ცალკეული ნორმები, რაც ეხება რეორგანიზაციას, სხვა ტექნიკურ მოთხოვნებს, პირველი იანვრიდან ეს ყველაფერი სრულად ამოქმედდება“, – ამბობს ცქიტიშვილი.


საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება – სსიპ და დაექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეორგანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.

ამასთან, შრომის ინსპექციის მანდატს ემატება შრომის უფლებების მონიტორინგიც.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან: სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.