შსს: 2022 წლის 6 თვეში ოკუპაციის შესახებ კანონი მხოლოდ 31 პირმა დაარღვია

ქრისტინე მუჯირი

შსს ცნობით, 2020 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს შორის მხოლოდ 82 ადამიანს ჰქონდა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის“ წესი დარღვეული. ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლის დარღვევის ფაქტები („ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა)   წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 2020 წელი – 18

  • 2021 წელი – 33

  • 2022 წელი (იანვარი -ივნისი) – 31

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის გამიჯნული კანონის დამრღვევი პირები რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რიცხვმა იმატა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით 2022 წლის იანვრი- ივნისში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან 247 156 მოქალაქე შემოვიდა.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს – 208 677 მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და 2021 წელს – 212 979.

საქართველოს კანონის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.