შსს: ბაჩიაშვილმა ქვეყანა სომხეთის სასაზღვრო პუნქტის გავლით, მანქანის სამალავით დატოვა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, მანქანაში სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

შსს-ის განცხადებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილი სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდა, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

გიორგი ბაჩიაშვილს მესამე ბრალი წარუდგინეს — თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან. პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

განახლება: სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დადგენილება ადვოკატმა ჩაიბარა.

აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 5 მარტს იმსჯელებს.

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან წავიდა.

იმავე საღამოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.

გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის 2 საქმის წარმოება მიმდინარეობს. ორივე საქმეზე მას გირაო აქვს შეფარდებული. ჩამორთმეული ჰქონდა ორივე პასპორტი – საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის.