შსს-ს ცნობით, აქტივისტი ლექსო სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი. უწყების ცნობით, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
არსებული ინფორმაციით, ლექსო სამხარაძე იზოლატორში 14 დღე იქნება
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს
ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, — უთხრეს „პუბლიკას“ შსს-ში.
5 ივნისს ლექსო სამხარაძემ დაწერა, რომ „ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა შეურაცხყოფის საბაბით უჩივლა. ლექსო სამხარაძემ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, „რუსეთის მსახურებაში მყოფ სასამართლოს, სრულ დაუმორჩილებლობას უცხადებს“.
2 ივნისს ლექსო სამხარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ საპროტესტო შეძახილებით მიმართავს „ქართული ოცნების” წევრ დავით მათიკაშვილს, რომელიც კაფეში შედის.
„ოლე, ოლა […]. გადაშენი რუსეთში, ქოცუნია ესა” – ამბობს ლექსო სამხარაძე ვიდეოში.