შსს-მ კობახიძის დღევანდელი განცხადების საფუძველზე, ფაქტების შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ფაქტების შესწავლა დაიწყო. კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციას ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავს.

„30 ოქტომბერს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე“, – ამბობს შსს.


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს პროვოკაციებს ელოდებიან რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. ამის შესახებ კობახიძემ „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე.