შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით თბილისში 4 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, თბილისში 4 პირი დააკავა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ დაკავებულს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში, ხოლო დანარჩენ სამს – „ქურდული სამყაროს“ წევრობაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – თ.ჭ. ჩართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

„ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი – 4500 ლარი და 1800 აშშ დოლარი გამოსძალეს“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

პოლიციამ ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.