შსს ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრებლის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანი.

„მთავარი არხი“, ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კორპუსის სადარბაზოსთან  მდგომ რამდენიმე პირთან სამართალდაცველები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა და ჩხუბში მეზობლებიც ჩაერთვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

„მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი. სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, გაქცეული არასრულწლოვნის მშობელი პოლიციის შენობასთან ამბის გასაგებად მივიდა. მშობლის თქმით, მან არ იცის თავისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.