სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მუქარებიც მივიღეთ - აკინი ფილმის გადაღებას იხსენებს

ბასტი მგალობლიშვილი

ნიუ-იორკის ლგბტქ ფილმების ფესტივალზე ლევან აკინმა თავისი ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – შესახებ ისაუბრა, რომლის ჩანაწერსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. აკინმა ფილმის გადაღების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფილმის შინაარსის გამო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მუქარებსაც იღებდა, ეროვნულ ანსამბლში კი უთხრეს, რომ ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს.

როგორღაც გაჟონა ინფორმაციამ ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ და მუქარებიც მივიღეთ, სიცოცხლის საფრთხის შემცველი მუქარები. პრობლემები შეგვექმნა მაშინაც, როცა ფილმისთვის მოცეკვავეს ნაციონალურ ანსამბლში ვეძებდით და მათ ვთხოვეთ დახმარება. ასე უფრო მარტივი იქნებოდა. შვედეთის საელჩოსთან შეთანხმებით მათთან შეხვედრაზე მივედი. მოვუყევი ფილმის შესახებ, რომ სიუჟეტი ორი ბიჭის სიყვარულის ამბავზეა. მისი სახე შეიცვალა. რატომ ბიჭები, რატომ უყვარდებათ ბიჭებს ერთმანეთი. მან მითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ბიჭები არ არიან.

გაკვირვებული ვიყავი, მითხრა, რომ შეხვედრა დამთავრებულია. სხვათა შორის ის ამ დროს გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო. ახლა აღარ არის, დაითხოვეს. ვფიქრობ, მათ მხარი უნდა დაეჭირათ ფილმისთვის, ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა. მათი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო“, – თქვა ლევან აკინმა.

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება 2017 წელს მიენიჭა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა, რომელიც შვედეთის კინოაკადემიამ ოსკარზე წარადგინა. ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გაიმართება.