„ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით, არჩევნებზე ემიგრანტებისთვის ხმის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.
გიორგი სიორიძის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „სრული კრახი განიცადა, რის საპასუხოდაც ჩვენს თანამემამულეებს პრაქტიკულად ხმის უფლება წაართვა“.
„კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო მანიპულაციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის, „ქართული ოცნება“ 13%-ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა.
ამის პასუხად, „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს ასობით ათას თანამემამულეს, პრაქტიკულად, წაართვა საარჩევნო ხმის უფლება. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება.
განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენ არ ვართმევთ მათ საარჩევნო უფლებასო და არჩევნების დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო. რამდენად არარეალური არის ეს ყველაფერი, საზოგადოებას კარგად მოეხსენება, იმიტომ, რომ ადრე პრობლემა იყო სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ.
ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, რომ ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაშიც ჩართულები.
ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება და მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს: შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა! კოალიცია „ძლიერმა საქართველომ – ლელომ” თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოამზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება იმიტომ, რომ ეს რეგულაციის ცვლილება არ არის მხოლოდ, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი, ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა სიორიძემ.
2025 წლის დეკემბერში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია მიიღო, რომლითაც ემიგრანტები საზღვარგარეთ ხმას ვეღარ მისცემენ.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას“.
საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის მიხედვით:
- დაზუსტდა ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის – ახალ კოდექსში აღინიშნა, რომ ტარდება „საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში“, ნაცვლად ტერმინისა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“;
- დაზუსტდა ფოტოვიდეოგადაღების წესები – კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოგადაღება შეუძლიათ აუდიომონიტორინგის გარეშე.
- შეიცვალა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა.
- შეიცვალა კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
- შეიცვალა კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები – წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი;
- შეიცვალა კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-წარადგენს უპარტიო კანდიდატს.