საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ირწმუნება, რომ მოქალაქეებს გზის გადაკეტვისთვის „არ აჯარიმებენ მხოლოდ პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო”.
„როცა პირი ჯარიმდება გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, ის პოლიციელის სიტყვიერი ნათქვამის გამო არ ჯარიმდება, ყველა შემთხვევაში გვაქვს წარმოდგენილი კადრი”. – უთხრა მან „ტვ პირველს” საპროტექტო აქციის პარალელურად.
მისივე მტკიცებით, გზის გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებები აქვთ წარმოდგენილი.
ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის რეპლიკაზე, რომ არის საქმეები, სადაც კადრები არ არსებობს, ვაჟა სირაძემ ასეთის დასახელება ითხოვა. ჟურნალისტმა რეპერ ლექს-სენის საქმე დაუსახელა.
სირაძემ განაცხადა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ვერაფერს იტყვის.
„ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობით, 2025 წლის იანვრიდან გზის გადაკეტვა 500 ლარის ნაცვლად, 5000 ლარით ჯარიმდება.
ამასთან, 7 თებერვლიდან ჯარიმის დაკისრება პირდაპირ პოლიციელს, სასამართლოს გარეშე შეუძლია.
უკვე ასობით მოქალაქე დააჯარიმეს გზის გადაკეტვის გამო. რეალურად, ისინი საპროტესტო აქციებში მშვიდობიანად მოაწილეობდნენ. ბევრი მათგანის საქმეში მტკიცებულებად ქუჩაში დგომის კადრები დევს.
„ტვ პირველის” ჟურნალისტმა საპატრულო პოლიციის უფროსს ჰკითხა 2 თებერვლის აქციის შესახებაც, რომელიც „თბილისი მოლთან” გაიმართა და რომლის შემდეგაც 31 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 8 – სისხლის სამართლის კოდექსით, ვინაიდან „მათ სტრატეგიული სამანქანო გზა გადაკეტეს”, რაც „ქართულმა ოცნებამ” სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გახადა.
აქციის შემდეგ ადგილზე მყოფი მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ პოლიციამ მათ უთხრა, რომ გზაზე გადასვლა შეეძლოთ. როცა ხალხმა ასე მოქცევა დაიწყო, პოლიციამ ხალხი ორად გაყო, ორივე ნაწილი ალყაში მოაქცია და მანქანებს ისევ გაუხსნა გზა. შემდეგ კი იმ ადამიანების გადაკევა დაიწყო, რომლებიც პოლიციელების ნებართვის გამო გზაზე იყვნენ გადასულები. 2 თებერვლის აქციაზე სცემეს რამდენიმე დემონსტრანტს. პოლიციელები უხეშად ექცეოდნენ და აგინებდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, ჟურნალისტებს.
ვაჟა სირაძემ თქვა:
„კანონით არის დარეგულირებული აქცია, აქციის ჩატარების წესი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესი და ამ პერიოდში გზის გადაკეტვის შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები. დღეს ჩვენ მივედით ხალხთან.
კი ბატონო, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ მივედით აქციის ორგანიზატორებთან, ვუთხარით, რომ დავეხმარებოდით. შევთანხმდით, რომ გზის მეორე მხარეს აპირებდნენ გადასვლას. პოლიციამ დავუკეტეთ საავტომობილო მოძრაობა, რა დროსაც ხალხმა მოძრაობა დაიწყო, რის შემდეგაც გარკვეულმა პირებმა ხალხი სპეციალურად გააჩერეს და განზრახ გადაკეტეს სავალი გზა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, იდენტიფიცირებულები იქნენ პირები და სამართლებრივი ზომები მივიღეთ”.
მარიამ გაფრინდაშვილმა ვაჟა სირაძეს ჰკითხა, რატომ არ მიაწოდა შსს-მ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმის საქმეზე სამხრე კამერების ჩანაწერები.
„თქვენი წერილია საქმეში, რომ ეს ჩანაწერები არ არსებობს”. – უთხრა მარიამ გაფრინდაშვილმა.
საპატრულო პოლიციის უფროსმა პასუხად თქვა, რომ „პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია გამოიყენოს სამხრე კამერა, როდესაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ“.
„მაგ დღეს ბევრი პოლიციელი იყო და თქვენ რომელ კამერაზე მესაუბრებით […].
გადაკეტვის და მოძრაობის რეგულირების მიზნით იმ პერიოდში გარკვეული ეკიპაჟები იდგნენ. თუ რომელიმე ეკიპაჟი რაიმე ძალადობის ან დანაშაულის ფაქტს შეესწრო, განმარტებას გააკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება და ბიჭები იკითხებიან.
მე არ ვიძიებ, ვინც იძიებს, გამოიძიებს ბოლომდე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, არავის მოსწონს ძალადობა, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაწყებულია და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომელიც იდგა, აუცილებლად დაიკითხება”. – თქვა ვაჟა სირაძემ.