სირცხვილია, ჩვენ ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როცა მოქალაქეები 9 საათზე სახლში იკეტებიან - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, წარმოუდგენელია, მთავრობა ადგენდეს დღის წესრიგს რეგულაციებთან დაკავშირებით და არა პარლამენტი. მისივე თქმით, ეს ინსტიტუციური თავმოყვარეობის საკითხიცაა.

„ხალხის პრობლემებზე საუბრისას მოდით ვიყოთ კონკრეტული. სადღეგრძელოები არავის აღარ სჭირდება, რადგან ეს ვერ დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. და ისევ, პარლამენტის სუვერენულ უფლებებზე როცა იყო საუბარი, ჩვენ, ფაქტობრივად, მეორე წელია ვცხოვრობთ ომში უხილავ ვირუსთან და პარლამენტი ცხოვრობს ჩვეულებრივ რეჟიმში თითქოს არაფერი არ ხდება.

წარმოუდგენელია, რომ საკანონმდებლო ორგანო, რომელიც არის ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ორგანო, არ იმჩნევდეს იმას, რომ მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში. გასაგებია, რომ პირველ თვეებში შეიძლება სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების გამო მთავრობა იყო წარმმართველი ორგანო, მაგრამ პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს… ეს არის ინსტიტუციური თავმოყვარეობის საკითხი, აქ უნდა განიხილებოდეს კომენდანტის საათი და სხვა ყველა შეზღუდვა..

კომენდანტის საათი ყოვლად დაუსაბუთებელი… ჩვენ ეს არ გვაწუხებს იმიტომ, რომ გვაქვს საშვები. მაშინ ორმაგად უნდა გვაწუხებდეს, რომ დღეს ეს არის პრივილეგია. სირცხვილია, ჩვენ ვსარგებლობდეთ პრივილეგიით, როცა საქართველოს ყველა დანარჩენი მოქალაქე იძულებულია 9 საათზე სახლში გამოიკეტოს. როცა ამ რეგულაციებმა ქვეყანა ჩამოაქცია ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.