სხდომა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად უნდა გამოიკითხოს, ნაწილობრივ დაიხურა

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

დღეს, 5 თებერვალს დისტანციურად უნდა გამოიკითხოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

სხდომა პროკურატურის შუამდგომლობით დაიხურა. საფუძველი გახდა კომერციული საიდუმლოება.

ადვოკატი ლევან მახარაშვილი აცხადებდა, რომ კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.

„მთელმა ქვეყანამ იცის, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. ძალიან გთხოვთ, ობიექტური იყოთ შეფასებაში“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომაზე.

3 თებერვალს პროკურატურამ ბიძინა ივანიშვილის დისტანციურად გამოკითხვა მოითხოვა. მიხეილ სადრაძემ საფუძვლად დაასახელა ივანიშვილის ასაკი და უსაფრთხოება.

ბიძინა ივანიშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.