სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, შეზღუდვები დაწესდება

პუბლიკა

განათლების სამინისტრო სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განათლების სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლები დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა შენარჩუნდება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.