სოხუმის სახლში შესვლა არ დამცალდა, ახლა ესეც დამინგრიეს - სამგორის რაიონში მცხოვრები დევნილი

პუბლიკა

„სოხუმში სახლი გავაკეთე ვეებერთელა. იმ სახლში შესვლა არ დამცალდა. პატარა ბავშვები მყავდა. გამოგვყარეს აქეთ. ახლა ესეც“, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელსაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უნებართვოდ აშენებული ნაგებობა დაუნგრია.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული 7 ნაგებობის დემონტაჟი 18 დეკემბერს დააანონსა და მათ მესაკუთრეებს 4 დღე მისცა იმისთვის, რომ თავად დაეშალათ ნაგებობები. მერიის განცხადებით, ამ შეტყობინების შემდეგ მათ გამოეხმაურა 3 პირი, რომელთაც გამოთქვეს მზაობა, თავად მოეხდინათ დემონტაჟი, 4 შენობა კი ინსპექციამ დღეს დილით დაანგრია.

„იმედი გვქონდა, რომ დაგვიკანონენდნენ. გიჟები ხომ არ ვართ, ვინმე რომ მოსულიყო, გაფრთხილება მოეცა, ან სიტყვიერი, ან წერილობითი, არ ავაშენებდით, ამაში ფულია ჩაყრილი“, – აღნიშნა კიდევ ერთმა მცხოვრებმა.

„ნაგავსაყრელი იყო, გაწმინდეს გაასუფთავეს და ნელ-ნელა ფიქრობდნენ და როცა მოიფიქრეს, მაშინ ყველაფერი დაინგრა და დაიმსხვრა . 6 საათზე ხმაური მომესმა და რომ ავდექი იმდენი პოლიცია იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდი“, – ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი.


როგორც მერიაში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ ეს შენობები იყო დაუსრულებელი და გაფრთხილების მიცემის დროს მასში არავინ ცხოვრობდა.

„ამ გაფრთხილების შემდეგ, როგორც ჩანს, ადამიანებმა ჩათვალეს, რომ თუ იქ დაიდებდნენ ბინას, შეძლებდნენ მიწის მისაკუთრებას. როგორც ჩანს, თუმცა ეს უკვე მოკვლევის საგანია”, – ამბობენ მერიაში.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გაამკაცრებს რეიდებს და ყოველ მსგავს სამართალდარღვევაზე გვექნება მკაცრი რეაგირება”, – აღნიშნავდა ინსპექცია 21 დეკემბერს.