სპეკულაციები ხშირად ხდება, თითქოს ორმა კარტოგრაფმა გადაწყვიტა ეს საქმე, რაც აბსურდულია - ღარიბაშვილი გარეჯის საკითხზე

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა.

„დამეთანხმებით, მგრძნობიარე საკითხია და ამ საკითხმა პრაქტიკულად ყველა მოქალაქე შეძრა და ინფორმაცია, ალბათ, ასე ვთქვათ, შოკისმომგვრელი შეიძლება ყოფილიყო“, – ასე დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა დავით-გარეჯის საკითხზე საუბარი.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გამოძიება დაიყო მის მიერ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძისთვის აგვისტოში მიწერილი წერილის საფუძველზე.

ღარიბაშვილის განმარტებით, საკითხი მარტივია: მან ახსენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ დოკუმენტი, რომელიც საზღვრის საკითხს გადაწყვეტდა, 1938 წლის რუკა იყო.

„მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელებდნენ მხოლოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ და მხოლოდ 1938 წლის რუკით.

აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, რომელიც წინა მთავრობამ სააკაშვილის დროს… და სწორედ ეს არის გასარკვევი, ეს აქვს დასადგენი პროკურატურას, მიიღეს ძალიან საშიში გადაწყვეტილებები, მე ასე ვიტყოდი, რაც განაპირობებდა ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას, უცხო სახელმწიფოსთვის ამ ტერიტორიის გადაცემას, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გადაცემას, რომელიც ხსენებული რუკით სრულად არის ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, საკითხვის შესწავლა ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროს დაიწყო და გაირკვა, რომ ყველა რუკა და თანმდევი დოკუმენტაცია საქართველოს არქივებიდან გამქრალი იყო.

მეორე საკითხი, რასაც ღარიბაშვილი დამაეჭვებელ გარემოებას უწეოდებს – მისი თქმით, წინა მთავრობას და კომისიას არასდროს არ უცდია რუკის მოძიება.

„უფრო მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, კომისია ხელმძრვანელობდა, წინა მთავრობა ხელმძღვანელობდა სხვა რუკებით, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა და შედეგად ხდებოდა არამართლზომიერი ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან თქვა, რომ 2006-7 წლებში დავით-გარეჯის მონაკვეთი იმგვარად შეთანხმდა, რომ საზღვარი გადიოდა „თხემის თავზე“, როცა ღარიბაშვილის თქმით, მის ძირში უნდა გასულიყო.

ღარიბაშვილის რწმენით, გამოძიება დაადგენს იმ მოტივს, რატომ მიიღოს წინა მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება.

„სპეკულაციები ხშირად ხდება იმაზე, თითქოს კარტოგრაფებმა, ორმა კარტოგრაფმა თუ კომისიის წევრმა გადაწყვიტა ეს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდულია, ასეთი შინაარსის საკითხების გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე; უმაღლესში მე ვგულისხმობ პრეზიდენტს ან პრემიერ დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურას აქვს დიდი მისია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

1994 წელს შეიქმნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია. საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დადგენისას იხელმძღვანელებდნენ 1938 წელს შედგენილი 1:500 000-იანი მასშტაბის რუკით. კომისიის საქმიანობის შედეგად 1996- 2007 წლებში მხარეები კომისიის დონეზე სასაზღვრო ზოლის დაახლოებით 66%-ზე – 303 კმ-ზე შეთანხმდნენ.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ კომისიაში საქმიანობისას განზრახ არ იხელმძღვანელეს 1936-1938 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებით, რის შედეგადაც, შეიქმნა 34.8 კვ. კმ-ის საქართველოს საზღვრებს გარეთ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უარყოფენ წარდგენილ ბრალდებას.

მათი განმარტებით, 1937-1938 წლებში შედგენილი 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ რუკა იყო ხარვეზიანი და შესაბამისად, გამოსაყენებლად უვარგისი. ისინი მათ დაკავებას მოახლოვებულ არჩევნებსა და წინა მთავრობის საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებენ.