სუბარი და კობახიძე კინზინგერზე: ეს არის კაცი, რომელიც მოიკვეთა ოჯახმა

პუბლიკა

ყოფილი კონგრესმენი, CNN-ის პოლიტიკური კომენტატორი ადამ კინზინგერი დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დაბარებას. თავად კინზინგერის კომენტარს კი მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე და „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი გამოეხმაურნენ. მათი კომენტარები თითქმის იდენტურია.

„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“ იცით, რომ რუსეთი აგებს?“- დაწერა ტვიტერზე ადამ კინზინგერმა.

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი სოზარ სუბარი ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია. ის წერს, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ქვეყნის იმიჯის დაზიანებას.

„ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა? მან იცის, რომ 15 წელია რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას.ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები”, -წერს ის.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ  ადამ კინზინგერს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები.

„თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და, პრაქტიკულად, გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. …თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად აქვს საკუთარი პრობლემები,“- თქვა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. მან შეხვედრის შემდეგ სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.