დღეს ბრიუსელში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს გაიხსნება.
ეს კლასტერი საგარეო პოლიტიკას, ვაჭრობას და უსაფრთხოებას ეხება და საფუძველს ჩაუყრის ამ სფეროებში რეფორმების დაწყებას.
ამავე დროს, მონტენეგრო (რომელიც ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყნის სტატუსის მიღებას 2028 წლისთვის გეგმავს) და ალბანეთი დახურავენ მოლაპარაკებების ცალკეულ „თავებს“ – უფრო ფართო კლასტერების შემადგენელ ნაწილებს.
ბრიუსელში დღეს ოთხი მთავრობათაშორისი კონფერენცია იმართება – კონფერენციები სათითაოდ გაიმართება ოთხივე ქვეყანასთან და სწორედ აქ მოხდება კლასტერების გახსნა. სწორედ ამიტომ უწოდეს ბრიუსელში ამ დღეს „სუპერ სამშაბათი“.
„დღემდე არ გვქონია შემთხვევა, რომ ერთ დღეში გაწევრიანების ოთხი მთავრობათაშორისი კონფერენცია ჩატარებულიყო და სწორედ ეს მოხდება დღეს. ამიტომ ეს განსაკუთრებული დღეა ირლანდიის თავმჯდომარეობისთვის და, შეიძლება ითქვას, გაფართოებისთვისაც იღბლიანი „ოთხფოთოლა სამყურაა“, რადგან მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო და ალბანეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ.
ჩვენი ლიდერი კანდიდატები არიან მოლდოვა და უკრაინა. მათთან ვხსნით მეექვსე კლასტერს, რომელიც ორივე ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ეხება.
ეს კლასტერი ასევე მოიცავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას. ორივე ქვეყანა წვლილს შეიტანს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებაში.
ალბანეთისთვის ეს ისტორიული მომენტია, რადგან იგი იწყებს მოლაპარაკებების თავების დახურვას. ხოლო ჩვენი ყველაზე წინ წასული კანდიდატი, მონტენეგრო, დღეს კიდევ ორ თავს ხურავს. შედეგად, 33 თავიდან უკვე 18 იქნება დახურული, ანუ ნახევარზე მეტი.
ამიტომ, მართლაც, ეს არის აღნიშვნის ღირსი დღე, თუმცა ამავდროულად მომავალზეც უნდა ვიფიქროთ და კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ.
ჩვენ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყნები თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება“, – თქვა მარტა კოსმა.
ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკების პირველი კლასტერი 15 ივნისს გახსნა.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს. არის 33 თავი, რომელიც განაწილებულია 6 კლასტერში. მოლაპარაკებებში პირველი კლასტერი ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი იხსნება, ის არის ბოლო, რომელიც იხურება. ქვეყნებმა კლასტერებად განაწილებულ სფეროებში უნდა განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან იქნება შესაბამისობაში.
უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მოხსნა ვეტო, რომლითაც მისი წინამორბედი ვიქტორ ორბანი უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბლოკავდა.
შემდეგ უნგრეთის პრემიერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ დაბლოკავს დანარჩენი კლასტერების გახსნას, თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.