თალაკვაძე საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობის ანგარიშის შესახებ ისაუბრა, რომელშიც განხილულია, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი.

როგორც თალაკვაძე ამბობს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო მოწინავეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით და დადებითად არის შეფასებული არსებული ბიზნესგარემო. მისი თქმით, ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასება და ასევე კორუფციის აღქმის ინდექსი.

„ასევე, დადებით კონტექსტში არის ნახსენები მთავრობის მიერ გატარებული ისეთი რეფორმები, როგორიცაა საგადასახადო კოდექსში ცვილელებები, რომელიც მოგების რეინვესტირებას უკავშირდება, საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, შრომის კოდექსში მომზადებული ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და ხელისუფლებამ გაატარა. დადებით კონტექსტშია ნახსენები ბიზნესის კეთების ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში” და დადებითად არის შეფასებული მთავრობის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. ნათქვამია, რომ ქალებს დღეს ბევრად უფრო მეტ ხელმისაწვდომობა აქვთ ბიზნესის კეთების და ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ანგარიშში ასევე ნათქვამიარომ სახელმწიფოს მიერ  არ ხორციელდება საკუთრების უფლებაში უკანონო ჩარევაანგარიშში აღნიშნულიარომ სამწუხაროდ ასეთი ხდებოდა  წინა მთავრობის დროსროდესაც კერძო საკუთრების  არა გამჭირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევებს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ანაგრიშში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ასევე ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მხრიდან აგრესიაზე და, თალაკვაძის მტკიცებით, ნათქვამია, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება თავისი ნეგატიური შედეგებით და მძიმე დარღვევებით, რომელიც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„სტაბილურობის კუთხით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ეს არის ის, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით“, – ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულია 10-ზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ჩართულობით საინვესტიციო დავები, თუმცა აღნიშნული ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას მიზანმიმართულად უმტკიცებდნენ სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ამ ანგარიშში არის მოცემული. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მიგვაჩნია, რომ მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 170-ზე მეტ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საინვესტიციო ბიზნესგარემო საქართველოში მდგრადია, თუმცა ზოგი კომპანია არ ენდობა ქართულ სასამართლოს კომერციულ საქმეებთან დაკავშირებული დავების სამართლიანად და დროულად გადაწყვეტის კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, კომპანიები ასევე ჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არაეფექტურობაზე, ინტელექტუალური საკუთრების ნაკლოვანებებზე, ეფექტური ანტიტრესტული პოლიტიკის ნაკლებობაზე, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით გამოყენებას, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულესთან დაკავშირებით.

ანგარიშში წერია, რომ მთავრობა მუშაობს ამ პრობლემების გადასაწყვეტად.