თალაკვაძის მოადგილის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა განიხილება

პუბლიკა

„მინდა გაცნობოთ, რომ ბიუროს წინაშე არის წარმოდგენილი ბატონი ლევან იოსელიანის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა განვიხილოთ, რეგლამენტის თანამხად“, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობებზე გათვალისწინებულია ოპოზიციური დეპუტატის კვოტაც. ამ დრომდე ეს ადგილები ვაკანტური იყო, რადგან ოპოზიციამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.

„მოქალაქეების“ ლიდერები, ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობაში საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველი სხდომაზე 2 თებერვალს ჩაერთვნენ.

ელისაშვილმა და იოსელიანმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებაზე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს, ასევე, მოლაპარაკების პროცესში, მათი თქმით, 4 პატიმარი გათავისუფლდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ბოიკოტი და უარი არ ეთქვათ დეპუტატობაზე.