ტანსაცმელი, ყველი, ხორცი, ტროტუარზე იყიდებოდეს, ნორმალურია? გარევაჭრობა არ იქნება დაშვებული - კალაძე

პუბლიკა

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად – ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს. ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული“, – თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გარევაჭრობის აკრძალვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კანონდარღვევასა და მოსახლეობისთვის დისკომფორტის შექმნას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, გარემოვაჭრეებს კი მუნიციპალიტეტისა თუ ბაზრობის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„მინდა, შევეხო გარევაჭრობის თემას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ კონკრეტულ სივრცეებში, სადაც ვაჭრობა დაშვებული არ არის, ეკონომიკურ საქმიანობას. ასეთი ფაქტი გვქონდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ბევრი წერილი მოდიოდა მოქალაქეების მხრიდან, რომ იმ ტერიტორიაზე გავლა შეუძლებელი იყო. პარალელურად, დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის შედეგადაც, საფეხმავლო გზები მთლიანად მოწესრიგდება.

მოეწყობა ჯებირები, რომ ფეხით გავლა უსაფრთხო იყოს. რაც შეეხება  გარემოვაჭრეებს,  რომელთაც ტროტუარები ჰქონდათ დაკავებული, ისინი გადავიყვანეთ ბაზრობის ტერიტორიაზე. არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმოდეს და არ ვხედავდეთ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ქვეყანაში. ძალიან კარგად მესმის ყველას მდგომარეობა, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ გარევაჭრობა დაუშვებელია, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის სხვა მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.