თარხნიშვილმა, გაბაშვილმა და თარგამაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვეს

პუბლიკა

„ევროპული საქართველო“ დავით ბაქრაძესა და გიგი უგულავასთან ერთად  პარტიის კიდევ სამმა წევრმა გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა დატოვეს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, მისი წარმოდგენა პარტიის მომავალთა დაკავშირებით არ დაემთხვა პარტიის სხვა წევრების მოსაზრებებს.

„ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, – წერს ლევან თარხნიშვილი საკუთარ facebook გვერდზე.

გივი თარგამაძის განცხადებით, მისი მეგობრობა პარტიის წევრებთან რჩება მეგობრობად, ხოლო ბრძოლას გააგრძელებს და ამისთვის ფორმას გამონახავს.

„ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განათლების, ახალი ძალების მოკრების მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ, თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია. მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმც, უკვე გარედან, უცვლელია. რაც შეეხება მომავალს – მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები. ივანიშვილმა მე ამაფეთქა, ჩემი ოჯახის წევრებზე იძალადა, მაგრამ, მთავარია – სამშობლო დამიბეჩავა – ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად ძალღონეს არ დავიშურებ. ფორმა – მოიძებნება“, – წერს ის საკუთარ facebook გვერდზე.

პარტიის კიდევ ერთი წევრის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ის საქმიანობას უპარტიო სტატუსით გააგრძელებს.

„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. „ევროპულ საქართველოში“, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ“, – წერს ის facebook-ზე.


დღეს „ევროპული საქართველოს“ ყრილობა გიმართა. ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ.