თავად მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება გირაოს თუ არა - თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში პარტიებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ძირითადად აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მან ასევე ისაუბრა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას შესახებ. მისი თქმით, დოკუმენტში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის პატიმრების საკითხით ნათლად იყო განმარტებული.

„ყველა მხარემ ნათლად და მკაფიოდ იცის, თუ რა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით. პირველი – ქალბატონმა პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ეს შეთანხმება შემდგარიყო და ვადები მან ძალიან მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად, მაღალი ალბათობით ის უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მედიატორმა ეს საკითხი დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მკაფიოდ განმარტა:

„პირველი – ეს არის ევორკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და თავად პატირმობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია – დაეთანხმება ამ გირაოს თუ არ დაეთანხმება, შემდეგ უკვე როდესაც კოლეგები შემოვლენ პარლამენტში შეთანხმება ამბობს, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება“ – ამბობს თალაკვაძე.