თავს მოხვეული ამნისტიით იქმნება სახიფათო პრეცედენტი - გახარიას გუნდის წევრი

პუბლიკა

პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, გორისა და კასპის მაჟორიტარი, გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვითარებისა და ოკუპაციის მძიმე ტვირთის ფონზე მნიშვნელობა არ აქვს, გაცვლიან თუ არა ადგილებს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე.

მისი თქმით, დღეს, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა, მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესრულებაზე. ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მხარეები სპეკულირებენ.

„როდესაც ჩვენ, გახარიას გუნდის წევრებმა ღიად ვთქვით, რომ არ იყო იდეალური შეთანხმება, მათ შორის ვგულისხმობდით შეთანხმების იმ ნაწილსაც, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებდა კონკრეტულ კრიმინალურ საქმეზე მსჯავრდებული პირის შეწყალებას, მეორე მხრივ, 20 ივნისს პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის კრიმინალურ საქმეზე ამნისტიის გამოცხადების შესაძლებლობას.

არავინ დავობს, რომ შექმნილ ვითარებაზე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტის ძალადობრივი შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებულის მიმართ კანონის აღსრულების პროცესში „ქართული ოცნების“ გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ეს თემა აქცია ჯერ პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, შემდეგ კი თავს მოხვეული ამნისტიით იქმნება სახიფათო პრეცედენტი ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების. ფასი, რომელსაც ქვეყანა იხდის, მაღალია“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, გახარიას გუნდის წევრები ქვეყნის სისტემური ცვლილებებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემებისა და საჭიროების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული.

მან ასევე ისაუბრა, რომ რეგიონებში გახარიას გუნდის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

„აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს რომ საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რაც აირჩია „ქართულმა ოცნებამ”, არ მუშაობს. მე უბრალოდ ვეტყოდი მათ ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს რომ ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, ეს წარსულს უნდა ჩაბარდეს და უფრო მეტიც, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ. მინდა ჩვენი თანამოაზრეები გავამხნევო და ვუთხრა რომ გუშინდელი და გუშინწილდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წინ წავალთ,”-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.